რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის"(დსთ) დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, დაეხმარონ მას "უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნაში".
საბჭოთა ყოფილ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას პუტინმა უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილა და განაცხადა, რომ დასავლეთი თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე კონფლიქტებს აღვივებს.
შეხვედრას დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის(დსთ) 9 ქვეყნის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობაში 9 ქვეყანა შედის: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
„ჩვენ უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ფორმირების რთულ პროცესს გავდივართ.
ჩვენ ასევე ვიცით, რომ დასავლეთი მუშაობს დსთ-ს სივრცეში ახალი კონფლიქტების ინიცირების სცენარებზე. მაგრამ ჩვენ უკვე საკმარისი ვნახეთ. საკმარისია შეხედოთ, რა ხდება ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის, რა ხდება ზოგიერთი დსთ-ის ქვეყნის საზღვართან" - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა 9 ქვეყანას მოუწოდა, რომ გააძლიერონ კავშირები მათ შორის ეკონომიკური კავშირები, რაც პუტინის აზრით, მსოფლიო ბაზარზე პოზიციების გამყარებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია.
„აუცილებელია მხარი დავუჭიროთ დსთ-ის შიგნით ინტეგრაციის კავშირების განვითარებას. მიუხედავად წნეხის, მუქარის და აშშ-ის და მისი სატელიტების მხრიდან არალეგალური სანქციებისა, სავაჭრო ბრუნვის, ინდუსტრიული და ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის მაჩვენებელი რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებს შორის იზრდება.
და მკაფიოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა არის სერიოზული რესურსი ეროვნული ეკონომიკების ზრდისთვის და მსოფლიო ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობისა და პოზიციების გამყარების კუთხით" - განაცხადა პუტინმა
პუტინის თქმით, დესტაბილიზაციის რისკები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში იზრდება და ამაზე მისი თქმით, პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება.
პუტინმა წევრ ქვეყნებს, მოუწოდა, რომ ითანამშრომლონ რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან და უსაფრთხოების უწყებებთან და გააერთიანონ ძალები, რაც, მათ შორის, ერთობლივ ოპერაციებსა და პერსონალის საერთო წვრთნებსაც მოიცავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგები მოიტანს დსთ-ს ქვეყნების სპეციალური სამსახურების უფრო პროდუქტიულ მუშაობას და გახსნის ახალ პერსპექტივებს ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის“ - განაცხადა პუტინმა.